იარაღით ან უიარაღოდ. უკრაინელი ქალები სამშობლოს დასაცავად

Share this...
Facebook
Twitter

რუსეთ-უკრაინის ომი 2021 წლის დეკემბერში უკვე მიმდინარეობდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აგრესიული შეტევა ჯერ დაწყებული არ იყო. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 57,000 ქალი მსახურობდა, მთელი შემადგენლობის თითქმის 22%. მათგან 32,000 სამხედრო პერსონალია (სრული საშტატო შემადგენლობის 12%-ზე მეტი). 2020 წლიდან უკრაინას 13,000 მეომარი ქალი ჰყავს. უკრაინელ ქალ სამხედროებს შორის არიან ტანკისტები, დრონის ოპერატორები, არტილერიის წევრები, მეთაურები, ოცეულის წევრები და სხვა.

ალები უკრაინის ეროვნულ გვარდიაშიც მსახურობენ (შარშანდელი მონაცემებით მათი რაოდენობა 5500 იყო, სრული შემადგენლობის 9%; 360-ზე მეტი მათგანი მაღალ პოზიციას იკავებს) და ეროვნულ პოლიციაშიც (სრული შტატის 22% ქალები არიან). გადაუდებელი შემთხვევების სახელმწიფო სამსახურში 11,000 ქალია დასაქმებული, რაც სრული შტატის ერთი მეხუთედია. წლის დასაწყისში ქალები ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების 8%-ს შეადგენდნენ. ეს ქვედანაყოფები ომამდე რამდენიმე თვით ადრე მასობრივად შეივსო სხვადასხვა პროფესიის სამოქალაქო პირების მიერ (როგორც კაცების, ასევე ქალების).

ყველა ეს სტრუქტურა ამჟამად უკრაინას იცავს.

დღეისათვის არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი შეიარაღებული ქალი დგას უკრაინის სადარაჯოზე, მაგრამ მათი წილი უდავოდ ძალიან დიდია.

გარდა ამისა, ბევრი ქალი მწერალი, ხელოვანი, მუსიკოსი, სასტუმროს მმართველი, სტილისტი, მასწავლებელი, მუზეუმის თანამშრომელი – სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ქალები, ისევე როგორს პენსიონერები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსულ ტერორიზმზე მალე გავიმარჯვოთ. ქალები კამუფლაჟის ბადეებს ქსოვენ, ლტოლვილებს ეხმარებიან, მებრძოლებისთვის საჭმელს ამზადებენ, პარტნიორი ქვეყნებისგან მიღებულ საკვებ პროდუქტებს ანაწილებენ, მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ, უკრაინულ ახალ ამბებს უცხოური მედიისთვის თარგმნიან და ა.შ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

ისტორიული ცნობები:

· პირველი ქალი ოფიცერი ევროპაში უკრაინელი იყო – ოლენა სტეპანივი (1892-1963). იგი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა და წინა ხაზზე მეომარი უკრაინელი სიჩი მსროლელების ქალთა ქვედანაყოფს მეთაურობდა. ოლენამ თავი გამოიჩინა მაკივკას მთის ბრძოლებში (1915).

· 2008 წლიდან (არასაომარ დროს) 2018 წლამდე (როცა რუსეთ-უკრაინის ომი უკვე აქტიურ ფაზაში იყო), უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ქალების რიცხვი 15-ჯერ გაიზარდა.

2015 წელს შეიქმნა პროექტი უჩინარი ბატალიონი, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში ქალების მონაწილეობის აღრიცხვას, და ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციის აღმოფხვრას. “უჩინარი ბატალიონის” კამპანიის შედეგად გაიზარდა ქალების მიერ ომის დროს დაკავებული პოზიციების აღრიცხული სია; 2018 წელს უკრაინაში მიიღეს ახალი კანონი “საჯარო სამსახურში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და სხვა მილიტარისტულ დაჯგუფებებში თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ”.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

· 2018 წელს გამოიცა ევგენია პოდობნას წიგნი “გოგონები კულულებს იჭრიან” – 25 მოთხრობა უკრაინის ქალი მცველების შესახებ (ხელმისაწვდომია ინგლისურად).

· 2019 წელს უკრაინაში დაარსდა ქალ ვეტერანთა მოძრაობა. 2020-2021 წლებში მოძრაობამ შექმნა ვიდეო პროექტი “ქალები, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ” – 8 დოკუმენტური ფილმისგან შემდგარი სერია იმ ქალების შესახებ, რომლებიც დონბასში რუსული ძალის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

· ყოველი წლის 14 ოქტომბერს უკრაინა “მცველთა დღეს” აღნიშნავს. 2021 წელს ამ დღესასწაულს სახელი გადაერქვა და ეწოდა “უკრაინის კაც და ქალ მცველთა დღე”. როცა დღეს უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მცველებს მიმართავს, ასახელებს კაცებსაც და ქალებსაც – “ძვირფასო მცველებო (მამრობითი) და მცველებო (მდედრობითი)”.

სვეტლანა ხრომალიუკი

მედდა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმიტომ შემოვუერთდი, რომ ახლა აქ საჭირო ვარ. ქვედანაყოფში ბევრი ახალგაზრდა მებრძოლია, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიყურებენ ხოლმე. მას მერე, რაც მათთან ვარ (24 თებერვლიდან) ერთ ოჯახად ვიქეცით. ერთად გამოვიარეთ სიცივე, შიმშილი და ბევრი სხვა დაბრკოლება. ამ ომში ბიჭები ჩემს თვალწინ კაცდებიან. როცა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილას აღმოვჩნდით, მათი პირველი კითხვა იყო “ხომ არ დაგვტოვებ…” სიტყვები არ მყოფნის…

იულია იევსტრატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერ-ფსიქოლოგი, ლეიტენანტი

მე სამხრეთ უკრაინიდან ვარ, ყირიმში ჩემი ბევრი ნათესავი ცხოვრობს. 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, სხვა გზა აღარ დამრჩა და ჩემი ქვეყნის დასაცავად შეიარაღებულ ძალებს შევუერთდი. ახლა უკანა ფლანგზე ვარ და 24 თებერვლის შემდეგ ყოველი დილა იწყება ცხელ წერტილებში ჩემი სამხედრო მეგობრებისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით: “როგორ ხარ?” და “მიყვარხარ”.

იულია, სამხედრო ჯგუფი “ვეგა”

მებრძოლი

საომარი მდგომარეობის პირველივე დღეს სამხედრო კომისარიატში გამოვცხადდი. ახლა 80 DShV-ის შეიარაღებული ძალებში ვარ მობილიზებული. ეს ლოგიკური გაგრძელება იყო 2014-2016 წლებში ჩემი ომში მონაწილეობისა. ისევე როგორც ბევრი სხვა მოხალისე, მზად ვიყავი ისევ დამეწყო ბრძოლა, როცა საჭირო გახდებოდა. დავიბრუნე ჩემი საყვარელი იარაღი, RPG-7. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, უფრო მეტ ნაცნობს, მეგობარს და ნათესავს შევხვდი, ვიდრე მთელი ამ წლების მანძილზე, 2016 წლის დემობილიზაციის შემდეგ.

ბოგდანა რომანცოვა

რედაქტორი, წითელი ჯვრის მოხალისე ომის პირველი დღიდან

მოხუცი ქალი ავტობუსში ჩავსვი. ტიროდა, რადგან სახლიდან ხელცარიელი წამოვიდა. ახალგაზრდა დედას ერთ ხელში 5 თვის ჩვილი ჰყავდა ჩაბღუჯული, ხოლო მეორით პატარა ჩემოდანი მიჰქონდა. მოზარდი ბიჭის დედამ ოჯახის კატა თან წაიყვანა. გადაუშვებენ ამ კატას საზღვარზე? როგორ იქნება? შევხვდით მამას, რომელსაც თითქმის უკვე მშობიარე ორსულ ცოლთან ერთად უნდოდა წასვლა. ვუთხარით, რომ მისი ასაკის კაცს ქვეყანას არ დაატოვებინებდნენ. იდგა და შეშინებული იყურებოდა გარშემო: “როგორ იქნება იქ უჩემოდ? მალე ბავშვს გააჩენს უცხო ქვეყანაში. როგორ გაუმკლავდება ამას მარტო?”. ამ დღეებში იმდენი ცრემლის და იმედის მომსწრე გავხდი, რაც მთელი 30 წელი არ მენახა.

იევგენია ნესტეროვიჩი

კულტურის მენეჯერი, მოხალისე. 28 თებერვალი, 2022

დღეს რკინიგზის სადგურზე 7 წუთში 12 ლიტრი ბორში გავანაწილეთ. ბავშვები და დედები გაბედნიერდნენ. ბორში კიდევ ორი სადილისთვის ეყოფოდათ, მაგრამ ამასობაში მათი მატარებელი ჩამოდგა. ჩვენი ხალხი ძალიან ღირსეულია. “ღმერთმა დაგლოცოთ” – ხშირად იმეორებენ ისინი; ხუმრობენ, გასათბობად დახტუნავენ. საბნებს სხვებს უტოვებენ, რადგან მალე მიდიან და იციან, ხალხის შემდეგ ტალღას უფრო გამოადგება. დიდი პატივია თქვენს გვერდით დგომა.

გალინა ტიტიში

არასამთავრობო ორგანიზაცია Smart Education-ის ხელმძღვანელი, მოხალისე

ბავშვებს ახლა სწავლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, რაც ნიშნავს, რომ კარგად ვერც ისწავლიან. ამავე დროს, მათ გვერდით აღელვებული მშობლები არიან, რომელთაც ახლა ამისთვის ყურადღების მიქცევა არ შეუძლიათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ორგანიზება გავუწიოთ საგანმანათლებლო შეხვედრებს. ამ შეხვედრებზე სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ხვდებიან ბავშვებს, აწვდიან მათ საინტერესო და სახალისო ინფორმაციას. დამსწრე ბავშვების რაოდენობა სხვადასხვა შეხვედრებზე განსხვავებულია (ძირითადად 100-200 ბავშვია აუდიტორიაში, მაგრამ ზოგჯერ 300-500-ც). ყოველ დღე გვიერთდებიან ახალი მასწავლებლები და მოხალისეები. მომავალ კვირაში მოზარდ თაობას გაეროსა და სვიფტის შესახებ მოვუყვებით. ეს არ არის სტანდარტული სასწავლო მასალა, მაგრამ მათთვის ახლა მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ასევე ვამზადებთ ფსიქოთერაპიის ადგილობრივ ცენტრს. ვიპოვეთ სკოლა ბომბსაფრით და ხვალ ბავშვების პირველი ორი ჯგუფისთვის იქ ჩავატარებთ შეხვედრებს.

ოკსანა კისი

ქალთა ისტორიის მკვლევარი, ისტორიული მეცნიერებების დოქტორი, მოხალისე

ბოლო ორი დღე ჩემი მოხალისეობრივი საქმე პოლონეთიდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების გადარჩევა იყო. ამანათების ამოლაგებისა და გახსნის დროს, უცებ მივხვდი, რომ ეს ქალების მიერ გამოგზავნილი ტვირთი იყო. სხვადასხვა ტიპის საბავშვო საკვები ყველა ასაკისთვის, ბოთლები და საწოვარები, საფენები, სველი საწმენდები, ბავშვების ტანსაცმელი და სათამაშოები – ამ ყველაფერს კაცები ვერ მოაგროვებდნენ. ჭურჭლის სარეცხი სითხეები და ღრუბლები – ნუთუ შეიძლებოდა, კაცებიც ყოფილიყვნენ ასეთი ყურადღებიანები?

ქალური ჰიგიენის ნივთები დიდი რაოდენობით მივიღეთ (სხვადასხვა ტიპის და ზომის საფენები და ტამპონები). მხოლოდ ქალები იფიქრებდნენ იმაზე, რომ მათ უკრაინელ დებს ეს ნივთები ძალიან დასჭირდებოდათ; რომ ნაკლებ სავარაუდოა, საკუთარ და შვილების სიცოცხლეზე მოფიქრალ ლტოლვილ ქალებს, რომლებიც ბავშვებს და ჩანთებს ათრევენ, საფენების მომარაგება გახსენებოდათ… და რა გაუსაძლისი იქნებოდა მათთვის მენსტრუალური ციკლის თავშესაფარში გადატანა ამ საფენების გარეშე. ჩემი გული ისეთი მადლიერებით, სიყვარულით და ქალთა ერთობის რწმენით ივსება, რაც 25 წლიანი ფემინისტური აქტივიზმის განმავლობაში ჯერ არასდროს მიგრძნია. ეს არის ქალური მზრუნველობის ეთიკა. ქალები ყველაზე ზრუნავენ: ჯარისკაცებზე, დაჭრილებზე, მოხუცებზე, სნეულებზე, ბავშვებზე და ცხოველებზე; და ამას კაცებიც აკეთებენ. მაგრამ ქალები და მხოლოდ ქალები ზრუნავენ სხვა ქალებზე.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ანასტასია ლევკოვა

შინაარსის მენეჯერი:

ოლგა შელენკო

თვალი ადევნე ექსპედიციას